თურქეთში ქართული კულტურის ძეგლების რესტავრაციის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით ქართულ-თურქული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
აღნიშნულის შესახებ, დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევენთ მურათ ბურჰანმა ისაუბრეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ-თურქული სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ მოხდება პოზიციების შეჯერება და ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ოქმის გაფორმება, რომლის საფუზველზეც ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით მოხდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურის უძრავი ძეგლებისა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის უძრავი ძეგლების რესტავრაცია.